English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
ოჯახის შემოსავლების ანალიზი პოსტპანდემიურ პერიოდში

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომი ეყრდნობა 2022 წლის სოციოლოგიური კვლევის მასალებს. მასში გაანალიზებულია რეპროდუქციული ასაკის დაოჯახებული, დასაქმებული რესპონდენტების ოჯახების შემოსავლები. გამოყენებულია ასევე, 2013 წლის კვლევის შედეგები და შედარებითი ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ კვლევებს შორის შუალედში გაუმჯობესებულია ოჯახების შემოსავლების მაჩვენებელი, გაზრდილია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების თვითშეფასება. ოჯახები დახასიათებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის,  დასაქმებული პირების რაოდენობის, საშუალო თვიური შემოსავ­ლების მიხედვით. ნაჩვენებია პანდემიის გავლენა ოჯახების შემოსავალზე.

საკვანძო სიტყვები: ოჯახის შემოსავლები, შემოსავლების წყაროები, მოთხოვნილებები. 

შესავალი. თითოეულ ჩვენგანს ცხოვრება გვიწევს სამყაროში, რომელიც მუდმივად იცვლება და სულ ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ მუდმივ ცვლილებებს დიდწილად ჩვენ ვუწყობთ ხელს, ჩვენი უნებლიე თუ გამიზნული ქცევით. შემდეგ კი გამოსავალს ვეძებთ. ასე ნებით თუ უნებლიეთ საქართველო ჩავაყენეთ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში. პროგნოზები საგანგაშოა – ქართველი ერი მომაკვდავ ერთა სიაშია. გამოსავალი უნდა ვეძიოთ ოჯახში, რადგან მისი როლი მოსახლეობის აღწარმოების პროცესში შეუცვლელია. ექსპერტ-დემოგრაფთა მოსაზრებით ოჯახს მინიმუმ სამი შვილი მაინც უნდა ჰყავდეს. ა. თოთაძე მოსახლეობას მოუწოდებს: „სამი შვილის ყოლა თითოეული ქართველისთვის ნორმად უნდა იქცეს, რადგან მხოლოდ სამი და მეტი ბავშვის დაბადება განაპირობებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას“  [თოთაძე ა. 2023}.

მოსახლეობის დაბალანსებული სტრუქტურა გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის სტრუქტურა და დინამიკა განსაზღვრავს ადამიანურ რესურსებს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითა­რებისთვის. თავის მხრივ, ქვეყნისა და ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს ოჯახში ბავშვთა რაოდენობაზე, ემიგრაციულ პროცესებზე. ეს ორი კომპონენტი სიკვდილიანობასთან ერთად ქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ სურათს.

ოჯახის მრავალ ფუნქციას შორის გამორჩეულია თაობათა ფიზიკური და კულტურული აღწარმოება, მაგრამ როგორც ამ, ისე სხვა დანარჩენი ფუნქციების შესრულება შეუძლებელია, თუ ოჯახს არ ექნება შემოსავალი და ოჯახის ბიუჯეტი ვერ შეძლებს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია ოჯახის შემოსავლების ანალიზი სოციოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

ოჯახის შემოსავლების შესწავლის აქტუალობა განაპირობა სამმა ძირითადმა ფაქტორმა:

1. ოჯახში ხდება მთელი სამუშაო ძალის აღწარმოება;

2. ოჯახში ხორციელდება წარმოებული საზოგადოებრივი პროდუქტის საბოლოო მოხმარება;

3. ოჯახში ხორციელდება მთელი საზოგადოების ბიოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების სიცოცხლისუნარიანობა.

  ოჯახის შემოსავლებისა და რესურსების ოჯახის შიგნით განაწილებაზეა დამოკიდებული ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ჰარმონიულობა. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა საერთო კეთილდღეობის ფუნქციაზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს კეთილდღეობა საჩუქრად არ ეძლევათ. ამისთვის აუცილებელია შემოსავალი. ოჯახის კეთილდღეობის სტანდარტების თავისებურებას წარმოადგენს მათი შეფასება საზოგადოებრივი აზრის მხრიდან. რეალობაში სტანდარტები დაკავშირებულია ადამიანის წარმოდგენებთან „ნორმალურ“ ცხოვრებაზე. ცხოვრებისეული სტანდარტები მოიცავს: კვების სტრუქტურას, საბინაო და განათლების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის დაცვის და სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას და ყველა სხვა მახასიათებელს, რომელიც ცალკეული ოჯახისთვის არის პრიორიტეტული. შემოსავლები, მოთხოვნილებები და ხარჯები თითოეული ოჯახისთვის განსხვავებულია. ოჯახმა უნდა მოახერხოს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და უზრუნველყოს ცხოვრების მისაღები პირობები.

  წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ერთი სოციალური ჯგუფის ოჯახების, რომელიც მოიცავს უმაღლესი განათლების მქონე დაოჯახებულ და დასაქმებულ პირებს,  შემოსავლების ანალიზს. ნაშრომი ეყრდნობა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. გამოკვლევა ჩატარდა უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით 2022 წლის ზაფხულში.

● ● ●

ოჯახის შემოსავლების სიდიდე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ოჯახის წევრთა რაოდენობაზე,  მათ შორის დასაქმებულთა რაოდენობაზე, შრომისუნარიან და შრომისუუნარო წევრთა თანაფარდობაზე, დასაქმებულთა ხელფასის სიდიდეზე, შემოსავლების სხვა წყაროების არსებობაზე, ინფლაციაზე და სხვა.

შესწავლილ ოჯახებში არის როგორც ნუკლეარული, ისე გაფართოებული ოჯახები. მათგან უმრავლესობა აღმოჩნდა გაფართოებული ოჯახები (58%). შესწავლილთა შორის ნუკლეარული ოჯახების ორივე ტიპი გვხვდება: მეუღლეები შვილების გარეშე (11%) და შვილებით. დასაქმებულ რესპონდენტებს შორის უმეტესობა (59%) სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული, დანარჩენი კი – კერძოში. ოჯახების 67%-ში დასაქმებულია ოჯახის ორი წევრი, ხოლო იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც დასაქმებულია ოჯახიდან ერთი და ოჯახიდან სამი წევრი, თანაბარია. 

ოჯახების აბსოლუტური რაოდენობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ხელფასი. შემოსავლების მიხედვით რესპონდენტთა ოჯახები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ერთში შედის ოჯახები, რომელთაც ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არა აქვთ, და  მეორეში კი – ოჯახები,  რომელთაც ხელფასის გარდა  სხვა შემოსავლებიც აქვთ.  შემოსავლების  წყაროები მრა­ვალგვარია, როგორიცაა: უძრავ-მოძრავი ქონების გაქირავება (ბინა, მანქანა) (15%); ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი (16%); ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან (12%); ფულადი დახმარება ახლობლებისაგან ქვეყნის შიგნით (4%); სოფლის მეურნეობის პროდუქტი ნატურის სახით (2%); პენსია (2%); სახელმწიფოს ყოველთვიური სოციალური დახმარება (4%).  მათგან  უმეტესობას წარმოადგენს მხოლოდ სამი მათგანი: ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები, უძრავ-მოძრავი ქონების გაქირავება და ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან.

რესპონდენტებს უნდა დაესახელებინათ თავიანთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი ლარებში. ზოგადად ადამიანებს არ უყვართ თავიანთ შემოსავლებზე სხვასთან საუბარი, კონკრეტული რიცხვების დასახელება, თუმცა ჩვენი რესპონდენტებიდან არცერთმა არ აარიდა თავი შემოსავლების საკითხზე საუბარს.   მაგრამ რამდენად ზუსტია ის რიცხვები, რომლებიც მათ დაგვისახელეს, ამის გაკონტროლება ჩვენ არ შეგვიძლია. ვფიქრობთ, თუ ზუსტი არა, მიახლოებითი მაინც არის და გარკვეულ წარმოდგენასაც იძლევა.

2013 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა  სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ოჯახის შემოსავლების შესწავლა. 2022 წელსა და 2013 წელს ჩატარებულ კვლევებს შორის ცხრა წელია გასული. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობა  მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდელისგან, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. ეს განსხვავება ოჯახის შემოსავლებსაც ეტყობა. გაიზრდა როგორც ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი, ისე მედიანა. განვლილი წლების განმავლობაში საშუალო თვიური შემოსავლების ზრდა მოხდა ორჯერ და მეტად.

ცხრილი 1

ოჯახის შემოსავლები ოჯახის ტიპების მიხედვით

ოჯახის ტიპები

საშუალო თვიური შემოსავალი

შემოსავლების მედიანა

2013 წ

2022 წ

2013 წ

2022 წ

ორსულიანი ოჯახი

772,8

1 737

500

2 600

სამსულიანი ოჯახი

810,8

2 150

500

3 100

ოთხსულიანი ოჯახი

877,7

3 531

600

8 000

ხუთსულიანი ოჯახი

973,3

2 818

700

2 100

ექვსი და მეტსულიანი ოჯახი

1 003

4 377

800

6 400

წყარო: 2013 და 2022 წლების  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სოციოლოგიური გამოკვლევა. 

ცხოვრებისეულ სტანდარტთა შექმნის პრინციპები რიგ კანონზომიერებას ემყარება. ოჯახის მიერ შეძენილი საქონელისა და მომსახურების რაოდენობას ოჯახის შემოსავლები განსაზღვრავს. ერნსტ ენგელმა (Ernst Engel)  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა ბუნებრივი კანონზომიერება, რომ ოჯახის შემოსავლების ზრდასთან ერთად დანახარჯების ხვედრითი წილი კვებაზე მცირდება, გასავალი ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, კომუნალურ მომსახურებაზე მცირედ იცვლება, ხოლო დანახარჯები კულტურულ და სხვა არამატერიალურ საჭიროებებზე შესამჩნევად იზრდება [მენაბდიშვილი ლ. 2018., 168-169].

თანამედროვე პირობებში ადამიანთა მოთხოვნილებები სულ უფრო მეტად იზრდება. თუ ოჯახის შემოსავალი ახდენს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მაშინ ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან. ოჯახის შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: სასურსათო ნაკრების, წამლების, სანეტარულ-ჰიგიენური საშუალებების შეძენა;  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლა; ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შეძენა; ოჯახის წევრების დასვენება და გართობა და ა.შ. ეკონომიკური სარგებლობა და ემოციური ურთიერთობები – ეს არის ორი მნიშვნელოვანი  ფაქტორი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ოჯახების სტაბილურობაში.უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მოთხოვნილებები და ხარჯები შემოსავლების პარალელურად იზრდება.

შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად აკმაყოფილებს რესპონდენტთა ოჯახების შემოსავლები მათსავე ოჯახის მოთხოვნილებებს. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ მათი ოჯახის მოთხოვნილებებს შემოსავლები თავისუფლად აკმაყოფილებს. ოჯახის შემოსავლებით კმაყოფილების აღქმა სუბიექტურია. შემოსავლების ის რაოდენობა, რაც ერთის  სრულ კმაყო­ფილებას იწვევს, მეორისთვის შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს და უკმაყოფილებას იწვევდეს. ასე მაგალითად, გამოკითხულთა შორის აღმოჩნდა ოთხსულიანი ოჯახი, სადაც ოჯახის მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული, თუმცა მისი შემოსავალი აღემატებოდა ყველა გამოკითხული ოჯახის შემოსავლებს, მაგრამ თავად რესპონდენტს მიაჩნდა, რომ მისი შემოსავლები მხოლოდ მეტ-ნაკლებად ახდენს ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველყოფას მაშინ, როცა მასზე ორჯერ ნაკლები შემოსავლების მქონე ასევე ოთხსულიანი ოჯახი, სადაც ორი წევრია დასაქმებული, მიუთითებს, რომ შემოსავლები ოჯახს თავისუფლად ყოფნის. შემოსავლების ზრდა პირდაპირპროპორციულია მოთხოვნილების ზრდასთან. 

ცხრილი 2

ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველყოფა

ოჯახის მთლიანი შემოსავალი როგორ  უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებს

მონაცემები პროცენტებში

2013 წ

2022 წ

თავისუფლად

3,6

0,5

საკმარისად

9,3

21,7

მეტ-ნაკლებად

44,8

57,5

ვერ უზრუნველყოფს

42,3

20,3

წყარო: 2013 და 2022 წლების  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სოციოლოგიური გამოკვლევა 

მოყვანილი ციფრების მიხედვით ჩანს, რომ კვლევათა შუალედში გაიზარდა შემოსავლებით კმაყოფილი ოჯახების რაოდენობა და შემცირდა უკმაყოფილოთა რიცხვი. 2022 წლის გამოკვლევის დროს, ოჯახის შემოსავლებით კმაყოფილების უკეთ დასადგენად, რესპონდენტებს უნდა შეეფასებინათ საკუთარი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა 10-ბალიანი სკალის მიხედვით, სადაც ნული აღნიშნავს ყველაზე დაბალს, ხოლო 10 – ყველაზე მაღალს.  საკუთარი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა ყველაზე ხშირად ხუთი ბალით შეფასდა, შემდეგ მოდის ექვსი, შვიდი და რვაბალიანი შეფასებები, უმაღლესი ათი ბალით კი მხოლოდ 4%-მა შეაფასა. ექვსი და მეტი ქულით შეფასებული ოჯახების  (56,5%) რაოდენობამ გადააჭარბა ნულიდან ხუთი ქულით შეფასებულებს. ის რესპონდენტებიც კი, რომლებმაც მიუთითეს, რომ ოჯახის შემოსავლები საკმარისად უზრუნველყოფს ოჯახის მოთხოვნილებებს, შეფასებას რვა ბალით ახდენენ, ანუ სრულ კმაყოფილებას მაინც არ გამოხატავენ.

მსოფლიო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა პანდემიის წინააღმდეგ. ჯანმო იმდენად მოუმზადებელი  აღმოჩნდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ადამიანთა დანაკარგის შესამცირებლად ხშირი იყო ჩაკეტვები – საყოველთო კარანტინი. ამან დიდი ზარალი მიაყენა  ეკონომიკას. პანდემიამ 2020 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3.2%-ით შეამცირა, ხოლო ვაჭრობა  – 5.3%-ით. მხოლოდ 2020 წელს 9% შეადგინა საერთო სამუშაო საათების დანაკარგმა, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობის 225 მილიონი ადგილია, ხოლო ჯამში 88-დან 115-მდე მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელის ქვემოთაა [World Bank Blog. 2020 ]. OECD ქვეყნებში ბოლო 25 წლის განმავლობაში უპრეცენდენტო, 5.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა [https://www.oecd.org/newsroom/]. არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი, იმავე 2020 წლის მონაცემებით საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 6,8% შეადგინა. მომდევნო 2021 წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. ვირუსის მაღალი გავრცელებითა და ადამიანთა დიდი დანაკარგით ქვეყანა ფაქტობრივად იყო ლოქდაუნის რეჟიმში. წლის დასაწყისში ქვეყანის ეკონომიკას 11,5%-იანი კლება ჰქონდა [ https://www.mof.ge › images › File › Folderi3 ], თუმცა მაინც მოხერხდა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა.  ბუნებრივია, ის მძიმე ვითრება, რომელიც მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში იყო, მეტ-ნაკლებად აისახა თითოეული ჩვენგანის ოჯახზეც.

რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „პანდემიამ როგორი გავლენა მოახდინა თქვენი ოჯახის შემოსავლებზე?“ ოჯახების უმეტესობაში (62,3%) პანდემიის გამო მათი შემოსავლები შემცირდა. ეს ფაქტი უნდა ავხსნათ იმით, რომ  ოჯახების 60,8%-ს ხელფასის გარდა  შემოსავლის სხვა წყაროებიც ჰქონდათ. 42%-სთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო ბიზნესი, უძრავ-მოძრავი ქონების გაქირავება და ფულადი გზავნილები უცხოეთიდან. კონკრეტულად რა ბიზნესს გულისხმობენ რესპონდენტები, ამის თქმა არ შეგვიძლია, რადგან არ ასახელებენ, თუმცა საყოველთო კარანტინებმა, რომელიც პანდემიით გამოწვეული ტალღების გამო ხდებოდა, სამივე მათგანზე იქონია გავლენა.

რესპონდენტთა 37,7%-მა აღნიშნა, რომ პანდემიას მათი ოჯახის შემოსავლებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, რადგან მათი გარკვეული ნაწილი სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული. პანდემიის პერიოდში სახელმწიფო სექტორმა შეძლო თანამშრომელთა გადაყვანა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და ხელფასებიც შეუნარჩუნა. სავარაუდოდ, ამის დამსახურებაა ის, რომ ოჯახების გარკვეული ნაწილის შემოსავლებზე პანდემიამ გავლენა ვერ მოახდინა.

დემოგრაფებს ოჯახის შემოსავლები გვაინტერესებს ოჯახის რეპროდუქციული ფუნქციის შესრულების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ორ კვლევას შორის შუალედში ოჯახების შემოსავლები გაიზარდა, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო მეტად გახდა შესაძლებელი, რესპონდენტები მაინც აღნიშნავენ, რომ მათი რეპროდუქციული მოთხოვნილების რეალიზებას ხელს უშლის ფინანსური მდგომარეობა. სახელდება ასევე, საკუთარი საცხოვრებელი ფართის უქონლობა, ძვირი სამედიცინო მომსახურება და სხვ. ქართველ ერს კი აუცილებლად სჭირდება გაფართოებული აღწარმოება რათა გადაურჩეს გადაშენებას. 

დასკვნა. არსებობს ოჯახის კეთილდღეობის განსაზღვრის სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური.  ეკონომიკური სარგებლობა და ემოციური ურთიერთობები – ეს არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია ოჯახის ფუნქციონირებაში. ოჯახის ფუნქციონირების დემოგრაფიული ასპექტი თაობათა განახლებაა. დღეს ეს პრობლემა მწვავედ დგას ქართველი ერის წინაშე. რეპროდუქციული ქცევის ხელისშემშლელ პრობლემებს შორის სახელდება ეკონომიკური საკითხი. ოჯახის ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე.  დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეკონომიკის ზრდა შეეხოს მის მოსახლეობას. ამაში მოიაზრება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მათი სოციალური თანასწორობა, ანუ ეკონომიკის ზრდამ შედეგად უნდა მოგვცეს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღობა, ოჯახების კეთილდღეობა. ეკონომიკური ფაქტორი აღარ უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის აღწარმოების ბერკეტს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თოთძე ა., 2023, ქუთაისმა დათმო „მეორე ქალაქის“ ტიტული და ამჟამად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, თბილისის შემდეგ, ბათუმი ლიდერობს. გაზეთი „ასავალი-დასავალი“. 23-29. 01 №5 (1469).
  2. მენაბდიშვილი ლ., 2018. ოჯახის მენეჯმენტი. თბ .  „ბარტონი“, გვ.168-169.
  3. მენაბდიშვილი ნ., 2017. საკუთარი ოჯახის ეკონომიკური შესაძლებლობების თვითშეფასება. http://conferenceconomics.tsu.ge/
  4. World Bank Blog. 2020 Year in Review: The impact of COVID-19 in 12 charts, https://blogs.worldbank.org/voices/2020-year-review-impact-COVID-19-12-charts
  5. https://www.oecd.org/newsroom/consumer-prices-oecd-updated-11-january-2022.htm?utm_medium=email&utm_source=CampaignMonitor
    _Editorial&utm_campaign= LNCH%20%2020220111%20%20House% 20Ads%20%20SM+ CID_83f978 aac799f5a3  f6cd575ad8c89902
  6. https://www.geostat.ge/media/51669/QuarterlyBull_2022_IV_Geo.pdf
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/791/saarsebo-minimumi